თბილისი. სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას და ერთი დღით ადრე გამართულ დებატებს, სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ერთიანი იყო შეფასებაში, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს.
ამასთანავე, 9 ივნისს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში, წევრი ქვეყნების მთავრობებს 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ მოუწოდეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველო ცალკე მოიხსენიეს და მიმართეს, რომ „იმუშაონ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად“.
ხელისუფლებამ, ანტიევროპული და ქვეყნისთვის საზიანო რეაქციების ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი და შექმნას ძირეული რეფორმების განსახორციელებლად მოკლე დროში გაწერილი დღის წესრიგი, რომელიც რეზოლუციაში ასახული პრობლემების სწრაფ მოგვარებას უზრუნველყოფს. ასევე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმის სადემონსტრაციოდ, რომ ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომლის 80%-ზე მეტი წლების მანძილზე სტაბილურად უჭერს მხარს და ცალსახად და მკაფიოდ სურს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, დაგროვილი ექპერტიზით და რეფორმების მზა კონცეფციებით მზად ვართ ხელი შევუწყოთ პროცესს, რომელიც ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მიღებას რეალისტურს გახდის“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)