დაახლოებით ორი წლის წინათ ხობში, სოფელ ხეთაში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ნიკოს ეზომ“ დაიწყო მუშაობა. იგი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლებისა და საინტერესო შეხვედრების ადგილად იქცა. ინციატივა ნიკო ბაძაღუას და მის მეგობრებს ეკუთვნით.
ნიკო ხობის სოფელ ხეთაში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობიდან ყოველთვის ჰქონდა სურვილი რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მიეღო, მაგრამ სოფლის გარემო ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. წლების შემდეგ, სწორედ, ეს გახდა ახალგაზრდული საგანმანათლებლო სივრცის ნიკოს ეზოს დაფუძნების საფუძველი, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.
„2020 წელს გადავწყვიტე, სოფელში, წინაპრების სახლის პირველი სართული შეხვედრების ოთახად გადამეკეთებინა. ყოფილიყო სივრცე, სადაც სიახლეს გაიგებდნენ ახალგაზრდები. გარკვეული ხედვა მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით შევუდექი იდეის განხორციელებას. თავიდან მეგობრები ჩამოდიოდნენ თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, რომლებიც თავიანთ საქმეში პროფესიონალები იყვნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მეწარმეობის საფუძვლები, ადამიანის უფლებები, ფოტოგრაფია და ა.შ. ამ ყველაფერმა იმდენად დიდი ენერგია მოგვცა, რომ გადავწყვიტე დონორი ორგანიზაციებისთვის მიმემართა“, ამბობს ნიკო ბაძაღუა.
რამდენიმე პროექტის განხორციელებამ საშუალება მისცა სხვადასხვა ექსპერტები მიეწვია „ნიკოს ეზოში“ და მათი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა ახალგაზრდებისთვის. ასეთივე დატვირთულია 2022 წელი, ამ ეტაპზე გადაწყვიტეს საკუთარი შემოსავლებიც მიაშველონ აქტივობებს – „ნიკოს ეზოს“ შიდა და გარე სივრცე ღონისძიებებისთვის სხვა ორგანიზაციებს დაუთმონ და შემოსული თანხა ორგანიზაციის განვითარებას მოახმარონ.
ხობი, ულამაზესი სოფელი ხეთა და „ნიკოს ეზო“ თქვენ გელოდებათ...
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)