თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიციის თანახმად, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.
„საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას“, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)