თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა შშმ პირებმა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოს უსინათლოთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებით მთავრობას მიმართეს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, კონსტრუქციული ფორმით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისკენ მოუწოდეს.
„სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხელმომწერებმა მიმართეს მთავრობას, მოიწვიოს საკოორდინაციო კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება კავშირში შექმნილი სიტუაცია და შეჯერდება გამოწვევების დაძლევის მოკლე და გრძელვადიანი გეგმა/ხედვა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირში შექმნილი ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე და მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გაცვალოს მოსაზრებები და იპოვოს არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა.
მიგვაჩნია, რომ ამგვარი სივრცის შექმნა სწორედ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს, რის საფუძველსაც ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო დონეზე არსებული სტანდარტები/რეკომენდაციები იძლევა. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, მოიწვიოთ კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განხილული იქნება კავშირში შექმნილი სიტუაცია და შეჯერდება გამოწვევების დაძლევის მოკლე და გრძელვადიანი გეგმა/ხედვა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)