თბილისი. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა. ერთი-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული.
ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სამუშაო ჯგუფის ავტორობითა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, კანონპროექტი ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით სრულად არ ხდება ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაციის გათვალისწინება.
გაეცანით პირველი მოსმენით მიღებული რედაქციის შეფასებას აქ...
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)