თბილისი. სახალხო დამცველის აპარატმა 30-მდე შეტყობინება მიიღო სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებზე.
განცხადების თანახმად, განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება.
„საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის, ეროვნებისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს ყველა სფეროში, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობაზე უარი, არარაციონალური, დისკრიმინაციული საფუძვლებით, დაუშვებელია ქირავნობით საკითხებთან დაკავშირებითაც.
სახალხო დამცველის აპარატი უძრავი ქონების აგენტებსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც.
ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მომართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში“.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)