თბილისი. არაკომერციული მედია „აი, ფაქტი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაა. ის 2016 წელს დაარსდა და მისი მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მედია ორგანიზაციის პრინციპები ემყარება ფაქტების სიზუსტეს, გადამოწმებას, მიუკერძოებლობას, ბალანსის დაცვას.
„აი, ფაქტს“ ორი ოფისი აქვს, ერთი - თბილისში, მეორე კი ქუთაისში. ქუთაისში მოქმედი ოფისი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა. მედია ორგანიზაციაში 7 გამომძიებელი ჟურნალისტია დასაქმებული.
„აი, ფაქტი“ საერთაშორისო დონორების და კერძო შემომწირველების დახმარებით არსებობს. ორგანიზაციის დახმარება თქვენც შეგიძლიათ - თქვენ მიერ გადარიცხული თანხა კი ისეთი მასალების შემქნას მოხმარდება, რომელიც ამხელს კორუფციას, უსამართლობას, უთანასწორობას...
„იმერეთის სოფლებში რომ ჩავდივართ, ხალხი თვალებში შემოგვციცინებს, უხარიათ რომ მათზე დავწერთ. მათთან ურთიერთობა ჩვენთვის ერთი დიდი თერაპიაა. გასაჭირსაც კი ჟღურტულით ამბობენ ამ მხარეში.
ხშირად უთქვამთ, აქ მთავრობა არ მოსულა და თქვენ რა ქარმა გადმოგაგდოთო. ამ ხალხს იმედი ესახება, რომ ისინი ისევ ახსოვთ და მათი აზრი მნიშვნელოვანია. ხშირად პრობლემებიც მოგვიგვარებია მათთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ნამუსიანია და ესმის მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობა. ასეთი ცოტაა, მაგრამ არიან იმერეთში.
ჰოდა, ხვალ და ზეგ, უცხოური გავლენის აგენტების იარლიყს რომ მოგვაკრავს მთავრობა ამ ახალი, რუსული კანონით და მუშაობას აგვიკრძალავენ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ვეღარავინ დაწერს ამ ალალ და კეთილ იმერლებზე ვეღარაფერს. ვერავინ თანაუგრძნობს მათ გასაჭირში. სამთავრობო მედიები მხოლოდ იმაზე დაწერენ, რაც გაკეთდა. რა არ კეთდება - ამაზე არავინ ისაუბრებს საჯაროდ. ასე მუშაობს პიარი.
მედიის საქმე მთავრობის ნაკლოვანებების გამოჩიჩქვნა და გამოფენაა. მედიის საქმე ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესაა და თუ ნორმალური ქვეყანა გვინდა ვიყოთ, ასეც უნდა ვქნათ“, ნათქვამია „აი, ფაქტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: „აი, ფაქტის“ ვებგვერდი და გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)