თბილისი. არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) ჩაატარეს შედარებითი ანალიზი - რამდენად თავსებადია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საერთაშორისო სამართალთან და ევროპულ სტანდარტებთან.
ანალიზის თანახმად, კანონპროექტის ბევრი დებულება არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონებით გათვალისწინებულ და ევროკავშირის სტანდარტების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
„...მაშინ, როდესაც საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე, აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, დააზარალოს ეს ძალისხმევა.
...ყველა ა(ა)იპ-ი და მედია ორგანიზაცია, რომლის გასული წლის ჯამური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური წყაროებიდან უნდა დარეგისტრირდეს და მიენიჭოს უცხოური გავლენის აგენტის სტატუსი. ეს ტერმინი საქართველოში უარყოფით დატვირთვას ატარებს და ხშირად „უცხოური ჯაშუშის“ ან „მოღალატის“ სინონიმად აღიქმება. უცხოური აგენტის სტატუსი საზოგადოებას უარყოფითად განაწყობს, რაც ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციების საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის - დააზარალებს მათ ურთიერთობას დახმარების მიმღებ პირებთან, მხარდამჭერებთან, დასაქმებულებთან და მოხალისეებთან.
...კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს მიერ ECHR-ისა და ICCPR-ის ფარგლებში ნაკისრი არაერთი ვალდებულება, მათ შორის, გაერთიანების თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დისკრიმინაციისგან დაცვის ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
კანონპროექტი არსებითად დაასუსტებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა შემცირდება. არასამთავრობო სექტორი და მედია ვერ განახორციელებენ ეფექტიან დამოუკიდებელ კონტროლს, ვერ გაუწევენ მოქალაქეებს მნიშვნელოვან დახმარებას და ვერ შეუწყობენ ხელს დემოკრატიის გაძლიერებას“, ნათქვამია ანალიტიკურ დოკუმენტში.
წყარო: ewmi-activism.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)