ქვემო ქართლი. ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და აგენტების შესახებ.
ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი:
- „რუსეთში, მსგავსმა კანონმა გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება. თუ ჩვენი ქვეყანაც მიისწრაფის ამისკენ, რომ შეუზღუდოს სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მუშაობა, ამ გზით, არ მისცეს საშუალება სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური პროექტების განხორციელების, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს ქვეყანას“.
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა:
- „ეს კანონი არის ღია ბრძოლა საზოგადოებრივი სექტორის წინააღმდეგ, პირდაპირი შეტევაა. დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი „კანონიერად“ მოხდება“.
გულიკო შოშიტაშვილი, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG):
- „ეს კანონი, თუკი ამ სახით იქნება მიღებული, ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელსაც დღეს აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობა გამოთქვას კრიტიკული აზრი, არსებობის შესაძლებლობას მოუსპობს. ვინაიდან ფინანსური დამოუკიდებლობაა ამისი მთავარი პირობა, რაც დღევანდელ საქართველოში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არის შესაძლებელი”.
გვანცა შიშინაშვილი, „სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი“:
- არასამთავრობო სექტორისა და დასავლური დონორების ერთობლივმა მუშაობამ ჩვენს რეგიონში, ქვემო ქართლში, უამრავი შესაძლებლობა გააჩინა და დასანანია, რომ საზოგადოების ფართო წრეებისთვის ამ კანონპროექტის საზიანო შედეგები არასამთავრობო სექტორს არ სცდება. არადა რუსული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწყვლადი ჯგუფები (შშმ პირები, ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები, სპეციალური საჭიროების მქონენი, უმცირესობები და ა.შ.) რჩებიან მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისებისა და შესაბამისი აქტივობების გარეშე; შესაძლებლობების მიღმა რჩებიან ახალგაზრდებიც (მათ შორის სასკოლო ასაკის) და მათთან ერთად პროფესიული ჯგუფებიც, რომელთათვისაც უამრავი მოხალისეობრივი და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა დასავლურმა დონაციებმა;
გვანცა თვალიაშვილი, ახალგაზრდული მუშაკი:
- ეს კანონპროექტი არის დიქტატურის დამყარების გამოვლინება, ქვეყნის რეგრესი და დემოკრატიაზე უარის თქმა. აგრეთვე ყველა იმ სიკეთისა თუ შესაძლებლობის აკრძალვა, რომელიც გვაახლოებს განვითარებულ სამყაროსთან.
როზი დევნოზაშვილი „ნეკერი-ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია“:
- უცხოური გავლენის აგენტები იმიტომ ვართ, რომ თანამოაზრეები ერთად ბავშვების კეთილდღეობისთვის ყოველდღიურად ვშრომობთ?! ბაღებსა და სკოლებში ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოს შესაქმნელად გეგმაზომიერ აქტივობებს რომ ვახორციელებთ, ამიტომ?! შეკითხვები რომ გვაქვს და პრობლემების იდენტიფიცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი დახარჯული რესურსი მათი მოგვარებისკენ მივმართოთ, ამიტომ?! ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს უცხოური გავლენის გამო ვაკეთებთ? უცხოური ქვეყნების ინტერესია, როცა ფინანსურ მხარდაჭერას გვიცხადებენ და საქართველოს ინტერესი, არა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულად ვიცხოვროთ შემდგარ ქვეყანაში?!
მასალის ავტორი: მანონ ბოკუჩავა
წყარო: qvemoqartli.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)