თბილისი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს საქართველოს სახელმწიფო არქივების კანონიერი გზით იძულებას უზრუნველყონ არქივებში დაცული ინფორმაციის ღიაობა და ხელმისაწვდომობა.
„სამწუხაროდ, ფრაგმენტირებული მეხსიერების აღდგენის მხარდაჭერისა და ტოტალიტარული წარსულის კვლევის ხელშეწყობის ნაცვლად სახელმწიფოს პოლიტიკა გულისხმობს არქივებზე წვდომის ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვასა და მკვლევართათვის ხელის შეშლას.
საარქივო დოკუმენტების ასლების გადასაღებად ასტრონომიული გადასახადის დაწესება (მაშინ როცა დღევანდელ ცივილიზებულ მსოფლიოში დოკუმენტებზე უფასო წვდომა მიღებული პრაქტიკაა), პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება და მკვლევართათვის სამკითხველო სივრცეებში მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ამ პოლიტიკის მდგენელთა არასრული ჩამონათვალია.
ხსენებული პოლიტიკის კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია საარქივო ფონდებში დაცული მასალების კატალოგების, ანაწერებისა და ბარათების პროაქტიული გამოქვეყნების ნაცვლად მათზე წვდომის სისტემატური შეზღუდვა და კატალოგებს სხვადასხვა ნაწილების განზრახ დამალვა. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო და კერძოდ ეროვნული არქივი განზრახ ხელს უშლის საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლასა და რუსული საინფორმაციო ომის მიმართ საზოგადოების მედეგობის ზრდას.
2023 წლის 6 აპრილს ეროვნული არქივის წინააღმდეგ სოვლაბმა სარჩელი შეიტანა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარის გამოცხადებისა და მისი არასრულად გამოქვეყნების გამო.
სარჩელის მიზანია კატალოგის სხვადასხვა კომპონენტის საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვა, შეგროვება და ერთიანად ონლაინ გამოქვეყნება, რაც უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენების ზუსტი სურათის აღდგენასა და მკვლევართა მუშაობას მნიშვნელოვნად გაადვილებს“.
წყარო: sovlab.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)