თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს ახალ დოკუმენტს, რომელიც იკვლევს დანაშაულის პრევენციის პოლიტიკას საქართველოში.
ნაშრომის მიზანია შეაფასოს, რამდენად ქმედითია შესაბამისი ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები პრევენციის დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებისა და გაუმჯობესებისთვის.
„დანაშაულის პრევენციის არსებული პოლიტიკა, პრევენციული მექანიზმები და ცალკეული ღონისძიებები, სათანადოდ ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ბუნდოვანია მისი იდეოლოგიური ჩარჩოც. სახელმწიფო თითქმის არ იყენებს დანაშაულის სოციალური პრევენციის მეთოდებს. შესაბამისად, პრევენცია კვლავ ვიწროდ, სამართალდამცავი სისტემის ფარგლებშია მოქცეული და საპოლიციო მექანიზმებით ხორციელდება. საპოლიციო რეაგირება დანაშაულზე თითქმის ყოველთვის რეაქტიულია და პოლიცია მეტწილად სიტუაციური მეთოდებით პრევენციის მესამე დონეზე ერთვება. დანაშაულზე მხოლოდ ამგვარ საპოლიციო რეაქციას შეიძლება, ჰქონდეს მისი კონტროლისა და ინდივიდუალურ დონეზე დროებითი შეკავების უნარი, თუმცა საპოლიციო კონტროლით სახელმწიფო ვერ ახდენს სათანადო გავლენას დანაშაულის განმაპირობებელ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. შესაბამისად, არსებული პოლიტიკა ვერ იცავს ზღვარს დანაშაულის კონტროლსა და პრევენციას შორის და ვერ უზრუნველყოფს მდგრადი პრევენციული შედეგების მიღწევას“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)