კახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება სახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას წინანდალში ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„სახელისუფლებო მედია საშუალებებმა ამ შეხვედრას სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკური კონოტაცია მისცეს ისე, რომ ჩვენთან, როგორც ამ შეხვედრის ორგანიზატორებთან არც კი გადაამოწმეს შეხვედრის მიზნებისა და შინაარსის შესახებ ინფორმაცია.
სინამდვილეში, წინანდალში მიმდინარე სამდღიანი გასვლითი შეხვედრა კონფლიქტებისა და სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინკლუზიის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ქართული ოცნების არა ერთი წევრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგანი არ შეუერთდა.
ამ ფონზე სრულიად დაუსაბუთებლად და თვითნებურად სახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ წინანდალში „რევოლუციური გეგმა“ მზადდებოდა და ამ შეხვედრას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ღონისძიებასთან პრეზიდენტსა და ბიზნესმენს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და მათ მონაწილეობა არ მიუღიათ შეხვედრის არცერთ კომპონენტში.
უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტული მიდგომები ართულებს საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგის შექმნას და ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები ამის აშკარაა მაგალითია. ამგვარი აგრესიული თავდასხმების მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის პარალიზება და აპათიის დათესვაა. პოლარიზაციისა და მტრობის კულტურის ხელოვნური კულტივირების მიუხედავად, ჩვენ მომავალშიც შევეცდებით შევქმნათ შინაარსზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე და დემოკრატიულ კულტურაზე დაფუძნებული სივრცეები პოლიტიკურ, აკადემიურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის“, ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)