თბილისი. საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად 26 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციიდან საკრუიზო გემით შემოსული არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი.
„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)