თბილისი. საპარლამენტო უმრავლესობის გეგმა, რომ კიდევ ერთხელ შეეცადოს „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის მიღებას, ერთი მხრივ, სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო სივრცის მდგრადობისა და ფუნქციონირებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ემუქრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს და კანონპროექტი პრაქტიკულად უცვლელი ტექსტით წარედგინებოდა პარლამენტს, თუმცა ნაცვლად ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტისა“, კანონპროექტის ახალ რედაქციაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციას“ გამოიყენებდნენ. იმავე დღეს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანახმად, „სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში“ და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან „რევოლუციური სცენარების“ განხორციელებასა და ექსტრემიზმის დაფინანსებაში. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ჩართულნი არიან ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობის შერყევის მცდელობაში, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და ე.წ. „ლგბტ“ - პროპაგანდაში. მან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არჩევნების გაყალბებისა და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მცდელობაშიც დაადანაშაულა.
მდინარაძის თანახმად, ეს კანონი „გრძელვადიან პერსპექტივაში “დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის მცდელობებს”.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კვლავ წარედგინა პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტი, გასულ კვირებში წინ უსწრებდა მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ე.წ. „ვეტინგის სისტემის“ მხარდაჭერის გამო, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაში და ლგბტქ + პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.
2023 წლის მარტის ცნობილი მოვლენებისა და შემდგომი პროცესების გათვალისწინებით, აღნიშნული კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირება და შემდგომში შესაძლო დამტკიცება დააზიანებს სამოქალაქო სივრცეს, მათ შორის:
გამოიწვევს სამოქალაქო სივრცისა თუ ამ სივრცის ცალკეული აქტორების მუშაობის შეფერხებასა და საქმიანობაში ხელშეშლას;
გააქტიურებს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ რიტორიკასა და დისკრედიტაციის კამპანიებს;
შეამცირებს ან სრულად გააქრობს სივრცეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის;
გააუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ადვოკატირებისა და სერვისის მიწოდების შესაძლებლობას, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა და შესაბამისად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა გააუარესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.
საგულისხმოა, რომ მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შესაძლო მიღება დააზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებისთვის საჭირო 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესს. გასათვალისწინებელია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლების ის ნეგატიური შეფასებები, რომლებიც გასულ წელს, ამ კანონის ინიცირებისა თუ პირველი მოსმენით მხარდაჭერის დროს გაკეთდა. ამ შეფასებების მიხედვით, კანონი შეუთავსებელი იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს გაცხადებულ მიზანს გამხდარიყო კავშირის ნაწილი. ასევე, კანონის საბოლოო მიღებას, შესაძლოა, ჰქონოდა სერიოზული ზეგავლენა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. აღსანიშნავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)