en
ge

სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო გარემოს

სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო გარემოს

რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტის განხილვის პარალელურად, 29 აპრილს, სახელისუფლებო გუნდის მიერ ორგანიზებული შეკრებისას გაკეთებული ოფიციალური განცხადებები ატარებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის აშკარა ნიშნებს და აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოზე.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების კვალდაკვალ, თბილისში მმართველი გუნდის ორგანიზებით სახელისუფლებო პოლიტიკის მხარდამჭერი შეკრება გაიმართა. რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, გარდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებისა, სიტყვით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ამჟამად პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა და, როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, პირადადაა ჩართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას არასამთავრობო ორგანიზაციები 2003 წელს რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, ხელისუფლებაში „გარედან დანიშნული აგენტების“ მოსვლა გამოიწვია. მისივე განცხადებით, დასავლეთში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ებრძვიან, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების „გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების გარედან დანიშვნაა შესაძლებელი“.

პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ ამ ორგანიზაციების დაფინანსების მთავარ მიზანს „საქართველოს სუვერენიტეტის განადგურება“ და „ხელისუფლებაში კვლავ აგენტების დაბრუნება წარმოადგენს“, მაშინ, როდესაც თავად აღნიშნული კანონპროექტის მიღებას სწორედ სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის სურთ.

მისივე განცხადებით, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო გუნდს ექნება საშუალება, რათა „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი გამოუტანოს“. ტერმინში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ოპოზიციურ პარტიებს, კრიტიკულად განწყობილ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც გულისხმობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რევოლუციის მოწყობის მცდელობებისა და ფინანსების აგენტურის გაძლიერებისთვის მიმართვაზე ისაუბრეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრების რიტორიკა აშკარა ატარებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის გამოხატულ ნიშნებს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას, რაც საბოლოოდ ამ ორგანიზაციებისადმი ნდობის შემცირებაში შეიძლება გამოიხატოს.

გარდა ამისა, ერთგვარი დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება „მკაცრად აგებინებს პასუხს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც თავის მხრივ, აუარესებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო გარემოს.

შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა და ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გაზრდილი დონე კიდევ უფრო ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას.

30 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც, მათ შორის, დაგმეს 29 აპრილს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)