2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ," განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეაჩერებს 2028 წლამდე, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ განხორციელებული „შანტაჟითა და მანიპულაციით.“ ამ გადაწყვეტილებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია თბილისში და გააჩინა შეკითხვები სახელმწიფოს ვალდებულებასთან მიმართებით, დაიცვას კონსტიტუციური მისწრაფება, გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 2030 წელს "საკუთარი პირობებით, ღირსებით" შეუერთდება, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ძლიერი კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახრას საქართველოს კონსტიტუციით განპირობებული პროდასავლური და პროევროპული კურსიდან.
ამ განცხადების შემდეგ, დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა გამოეხატათ პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რასაც ბევრი აღიქვამს საქართველოს პროევროპული კურსისგან გადახვევად. ანალოგიური პროტესტი გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დასაშლელად გამოიყენებდნეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, რამაც გამოიწვია მრავალი ადამიანის დაშავება და შეფასდა როგორც არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, დაკავებულია 43 დემონსტრანტი და დაშავდა 32 პოლიციელი, რომელთაგან 13-ს ოპერაცია დასჭირდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა დააფიქსირეს პოლიციის მხრიდან ძალადობის მრავალი შემთხვევა, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ხანდაზმულ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმები.
მედიის თავისუფლებაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა პროტესტების დროს. ჟურნალისტები, მათ შორის "ტვ პირველის", "ფორმულასა" და "პუბლიკის" წარმომადგენლები, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ დემონსტრაციების გაშუქებისას. ერთ ჟურნალისტს დაუზიანდა ცხვირი, სხვებმა კი თვალზე წიწაკის სპრეის გამოყენებითა და ფიზიკური ცემით მიღებული დაზიანებები მიიღეს.
მედია ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის მიზანმიმართული ძალადობა, რომელიც ღამით გამართული აქციის დაშლის დროს ჰქონდა ადგილი. განცხადებაში შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ შემთხვევების სრულფასოვანი და საფუძვლიანი გამოძიება.
29 ნოემბრიდან პარლამენტის შენობა გადავიდა გაძლიერებულ "წითელ უსაფრთხოების დონეზე," რაც უკრძალავს ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, შენობაში შესვლას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ პირებისთვის, ვინც "პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ" შეფასებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს ავტორიზაციას, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.
ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებამ და შემდგომმა საპროტესტო აქციების დაშლის პროცესებმა საერთაშორისო აქტორების კრიტიკა გამოიწვია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ეს გადაწყვეტილება "გულდასაწყვეტად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ქართული მოსახლეობის ნებას, რომლის დაახლოებით 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ელჩმა ასევე დაგმო დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილი პოლიციის ძალადობა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.
ევროპელი ლიდერები, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, სოლიდარობას უცხადებენ ქართულ ხალხს და აკრიტიკებენ მთავრობის ქმედებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათეულობით თანამშრომელმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთგულება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ ახლა გახსნილი გაფართოების ფანჯარა შესაძლოა აღარასდროს გაიხსნას, და თუ საქართველო ამ გზას დაატოვებს, ის იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით ორმოცდაათმა თანამშრომელმაც, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას "გადაუდებელად" მიიჩნევენ და კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი თავიანთ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. მსგავსი სულისკვეთების ამ შინაარსის განცხადება გაავრცელეს განათლების სამინისტროს თანამშრომლებმაც.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, მოკლე ვადაში ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინონ ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთა მოქმედებამ, შესაძლო ბრძანებამ ან მდუმარე თანხმობამ გამოიწვია მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში დარღვევა. ასევე აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, რაც ზუსტად ასახავს 28 ოქტომბრის ღამით განხორციელებული ქმედებების შეფასებას.
ბოლო მოვლენები საქართველოში, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებისა და პროტესტების ძალადობრივი დაშლის ფონზე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საზოგადოებრივი პროტესტი, მიმდინარე დემონსტრაციები და სამოქალაქო საზოგადოების თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა მიუთითებს, რომ ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში.
მიუხედავად გამოწვევებისა, სტუდენტების, ჟურნალისტებისა და კულტურის წარმომადგენლების მობილიზება აჩვენებს ძლიერ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებებისადმი, რაც იმედს იძლევა, რომ რეფორმების მცდელობა გაგრძელდება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)