სამეგრელო. 12 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ზუგდიდში, აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობის ოფისში დევნილებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფი დევნილები, რომელთაც კერძო, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები უკანონოდ დაიკავეს, დაინტერესდნენ, მოხდება თუ არა მათი გამოსახლება ობიექტებიდან ძალისმიერი მეთოდებით. მინისტრის მოადგილე მათ დაპირდა, რომ დევნილთა გამოსახლება მათ მიერ უკანონოდ დაკავებული შენობებიდან მშვიდობიანად მოხდება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო გმობს დევნილთა მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს. „დასავლეთ საქართველოში და კერძოდ, ზუგდიდში, ხშირია ობოექტებზე დევნილთა შეჭრის ფაქტები, სამინისტრო ფიქრობს, რომ შეჭრა დევნილთა პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმაზომიერი გათვლები, დევნილების გამოყვანა იმ შენობებიდან რომლებიც მათ უკანონოდ აქვთ დაკავებული, მოხდება მშვიდობიანად, უმტკივნეულოდ",–განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" ინიციატივით ჩატარდა.