სამეგრელო. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ზუგდიდშიც აღნიშნეს. ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე გაიმართა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა განსხვავებული შესაძლებლობის პირებმაც მიიღეს. პარალელურად ზუგდიდის არტ-გალერეაში მათ მიერ შესრულებული ნახატები, ხელთნაკეთი ნივთების და თექის ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიების ორგანიზატორია
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგი" და მუნიციპალიტეტის გამგეობა. ორგანიზაცია „ჰანგის"
ხელმძღვანელის რუსლან საჯაიამ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები საქართველოში თითქმის ყველა სფეროში ირღვევა, გარემო შესაბამისად არ არის ადაპტირებული და მსგავსი კატეგორიის ადამიანთა საჭიროებებს და ინტერესებს მორგებული.
„თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოების ყველა წევრს" – ამ სლოგანით გაიმართა ღონისძიებები, რომელსაც შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები
შეუერთდნენ.