თბილისი. სამართლიანმა არჩევნებმა
გამოაქვეყნა ბლოგი – „ადმინისტრაციული რესურსი: 14 მილიონამდე ლარი წინასაარჩევნოდ
აჭარაში". ორგანიზაციის ინფორმაციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
2013 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ 24 ივლისს რიგგარეშე პლენარულ
სხდომაზე 11 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტი გაიზარდა 14 მილიონ 722 ათას 700 ლარით, საიდანაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი განკუთვნილია ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულვებელყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აკრძალულია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტით, აგრეთვე არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმიური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში", – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ბლოგზე.
წყარო: www.isfed.ge