თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის
საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას. „საგანგაშოა რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცვალება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „ერთი მხრივ, უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები".
ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: „სამართლიანი არჩევნები", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი".
წყარო:
transparency.ge