თბილისი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საზღვრისპირა რაიონებში (ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების განვითარება, სამსახურები კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას და ეხმარებიან მათ მიიღონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს რაიონული სამსახურების თანამშრომელთა პროფესიული განვითარების კუთხით ტრენინგებს, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის საბაზრო, ტექნიკური, სამართლებრივი და სხვადასვა სახის ინფორმაციის მიწოდებას.
მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში" (JOIN) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და ხორციელდება ,,ქეა ავსტრიასა" (CARE Austria) და ,,ქეა საერთაშორისო კავკასიას" (CARE International in the Caucasus) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) საქართველოში და აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
წყარო: moa.gov.ge