სამცხე–ჯავახეთი. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან 2 მაისს, მესხეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა.
შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. ასევე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ამასთანავე აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე გაიმართა ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში. ეს პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.