თბილისი. „საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად", ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს (TI Georgia), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა (GDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას".
წყარო: isfed.ge