სამცხე-ჯავახეთი. 1 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ახალგაზრდების წარმომადგენელ თორნიკე ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა და შემდეგ მათი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კომიტეტების სხდომებზე წარდგენაა, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თორნიკე ზურაბაშვილმა მსმენელებს წარუდგინა თავისი სამოქმედო პროგრამა, რომელსაც გაეროს ახალგაზრდობის ცენტრი უწევს კოორდინაციას, შემდეგ გაიმართა დისკუსია.
რეგიონში ახალგაზრდების ყველაზე მწვავე პრობლემად უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, მოწესრიგებული სასწავლო გარემო, დასაქმება, სპორტი და ჯანდაცვა დასახელდა, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში ამ პრობლემებს ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების არაეფექტურობა და არასაკმარისობა დაემატა.
6 ოქტომბერს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში სიტყვით გამოვა და საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრებს.