თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების შესახებ კონკრეტული ინფრომაციის მოპოვების მიზნით მიმართა. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისის საიამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ინფორმაციის გაცემა ითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღემდე არ მომხდარა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა. შესაბამისად, დღეს 2013 წლის 3 ოქტომბერს საიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება მოითხოვა", ნათქვამია განცხადებაში.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას.
წყარო: gyla.ge