კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივმა დარბაზმა" დაიწყო წინასაარჩევნო დისკუსიების ორგანიზება. ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯუმბერ სახიაშვილის თქმით, ისინი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „ახლა რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დავგეგმეთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ყველა მათგანს შევხვდებით და მოვისმენთ მათ ხედვებს თუ როგორ აპირებენ ისინი თელავის განვითარებას და დღეისთვის არსებული პრობლემების გადაწყვეტას".
7 ოქტომბერს „საზოგადოებრივი დარბაზის" ორგანიზებით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქართული ოცნების თელავის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები.