თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", 16 ოქტომბერს. გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, რომელიც აფასებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომელიც საქართველოს 2013 წლის 25 თებერვალს გადმოეცა და რომელშიც ევროკავშირის მოთხოვნებია მოცემული. კვლევაში მიმოხილულია ქართული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის პირველი ორი ბლოკის შესრულების მონიტორინგის შედეგები 2013 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით. ამასთანავე, კვლევა სამოქმედო გეგმის მხოლოდ პირველ ფაზას, ანუ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, ვინაიდან საქართველო იმპლემენტაციის ფაზაზე აქტიურად ჯერ არ გადასულა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისას გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს შესრულებული აქვს, თუმცა კვლავ რჩება ბევრი საკითხი, რაც რეფორმირებას საჭიროებს. ამ ეტაპისთვის, ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან საქართველომ ოთხი შეასრულა, ერთი – მეტწილად შეასრულა, ხუთი – სანახევროდ შეასრულა, ხოლო არ შეუსრულებია ერთი მოთხოვნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge