თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ გელა მთივლიშვილისათვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, რაც გამოიხატა მისთვის ვიდეო-გადაღების აკრძალვაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უბნიდან გაძევებაში", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ცესკოს, „ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლოს მომხდარი ინციდენტი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სხვა წევრების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე".
წყარო: humanrights.ge