თბილისი. 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები" – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
რელიგიათა საბჭომ დაჯილდოვა - იურისტი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე" და კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი - ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი"..
ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.
წყარო: ombudsman.ge