თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 20 ნოემბერს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციამ ბათუმის ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ რაიონში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ფოტოები გამოაქვეყნა. „აქ მცხოვრებ ოჯახებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკიდურესად მძიმე გარემოში, უწყლოდ და უშუქოდ უწევთ ცხოვრება. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის საბავშვო ბაღი, რის გამოც ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდე აღზრდისთვის საჭირო განათლებას. დასახლებულ ტერიტორიაზე ათამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ცხოვრობს, შესაფერისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ გამოდის სახლიდან. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მთავრობა სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს აქ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობით და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში