თბილისი. სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს განცხადება გაავრცელა. „25 ნოემბერს მსოფლიო აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სახალხო დამცველი უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ კამპანიას, რადგან სწორედ ერთობლივი ძალებითა და სექტორთა შორის თანამშრომლობით გახდება შესაძლებელი საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge