თბილისი. უსინათლოებისა და მცირე მხედველებისთვის სპეციალური ვებგვერდის
www.bu.org.ge პრეზენტაცია გაიმართა 6 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს მხედველობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტი ხორციელდება ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშეს" ძალისხმევითა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშეს" დამფუძნებლის, ბესარიონ სოლოღაშვილის, თქმით, პროექტის მიზანია მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს ხელი შეუწყოს კომპიუტერის ათვისებაში. ის აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში 7000- მდე ტოტალური უსინათლოა და მასზე დაახლოებით 2-3 ჯერ ნაკლები- მხედველობადაქვეითებული.
უსინათლოებს შესაძლებლობა ეძლევათ დამოუკიდებლად და სრულიად უფასოდ გადმოიწერონ ვებ-გვერდზე განთავსებული ხმოვანი პროგრამების - „ბუ-2-სა" და „NVDA-ს" საინსტალაციო ვერსიები. გარდა ამისა, აქვე მოცემულია აღნიშნული ხმოვანი პროგრამების შესწავლის პრაქტიკული სახელმძღვანელოების ტექსტური და აუდიოვერსიები, რომლებიც დაყოფილია გაკვეთილებად. სახელმძღვანელოში არის საკონტროლო კითხვები, პასუხები და სავარჯიშოები. ვებგვერდზე განთავსებულია ბიბლიოთეკა 3600-ზე მეტი ეგზემპლარით. იმისთვის, რომ მხედველობადაქვეითებულებს ეკრანმა თვალი არ მოსჭრას ვებ-გვერდზე აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ცვლის ეკრანის ფონს, ასევე, შრიფტის ზომას და ფერს.
წყარო: www.media.ge