თბილისი. 5 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ოთხმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ კოალიციური პროექტი წარადგინა. პროექტი აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET–ის კვლევითი ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო". პროექტი მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას წინასააჩევნოდ პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ. ამ პროგრამებს ძირითადად განიხილავენ ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივიდან.
პროექტის ფარგლებში იმუშავებს
ვებ–გვერდი, რომელიც ამომრჩეველს მიაწოდებს ინფორმაციას პოლიტიკუი პარტიების პოზიციების შესახებ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება ექსპერტული შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მოეწყობა პოლიტიკური პარტიების დებატები შესაბამის საკითხებზე.
პროექტმა უკვე დღეიდან აიღო სტარტი და ხვალ, 12 საათზე ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება თბილისი მარიოტში. მომდევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებენ „ახალი მემარჯვენეები", „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" და კოალიცია „ქართული ოცნება". ლეიბორისტული პარტიისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკუირი პროგრამების პრეზენტაციის თარიღები ჯერ ცნობილი არ არის.