ხვალ, 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე. საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებენ თანამშრომლობის ახალ ტრადიციას: საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში. იგი ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საფუძველი ეყრება საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმით. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ამავე ღონისძიებაზე მოეწერება. ღონისძიებას დაესწრებიან 150 საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მადლობას უხდის ევროკავშირს (EU), აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტს (EWMI), გერმანულ ფონდს Brot für die Welt, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" (OSGF) ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება გაიმართება 2013 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, 13:00–დან 16:00 საათამდე.