სამცხე–ჯავახეთი. საქართველოში დემოკრატიული მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირი" ახალციხეში ახორციელებს პროექტს „გამჭირვალე თვითმმართველობა". პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ეფექტურობის, გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა.
"გამჭირვალე თვითმმართველობის" პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელში (Facebook) გააქტიურდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი, სადაც სულ ახლა გაიმართა პირველი კონფერენცია და მოსახლეობისთვის საინტერესო შეკითხვებს ახალციხის გამგებელმა ერთი საათის განმავლობაში უპასუხა.
როგორც პროექტის მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე ამბობს, მსგავსი კონფერენცია სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და მოსახლეობის კითხვებს ყველა ის პირი უპასუხებს, ვის მიმართაც ყველაზე მეტი შეკითხვა დაისმება. მისივე თქმით, აღნიშნულმა გვერდმა გაზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე.