თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდრების შესახებ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციამ „ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა (და შესაბამისად გააჩერა) მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 4 ტენდერი, რომელთა მეშვეობით მუნიციპალიტეტი 270,000 ლარი მთლიანი ღირებულების 5 ავტომობილის შეძენას გეგმავდა. ...გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილების შესყიდვის დროს მათი მეტისმეტად დეტალური აღწერა პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს, რის შედეგადაც ხშირად მხოლოდ ერთ კომპანიას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ტენდერში, ეს კი მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას და ზრდის შესყიდვის ობიექტის ღირებულებას სახელმწიფოსთვის", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
აღნიშნული ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ტენდერების მონიტორინგის ონლაინ ვებ-პლატფორმაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში