თბილისი. 26 დეკემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ გაიმართა მრგვალი მაგიდა. მონაწილეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი განიხილეს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ პასუხისმგებელი უწყებებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მათთან კონსულტაციების გზით მოამზადა. განიხილეს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებიც. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულმა თითოეულმა სახელმწიფო უწყებამ ერთი ახალი ვალდებულება წარადგინა, რომელთა ასახვაც საჭიროდ მიიჩნიეს ღია მმართველობის პარტნიორობის ახალ სამოქმედო გეგმაში. დასახული ამოცანა პარტნიორობის ხუთი გამოწვევიდან ერთ-ერთზე უნდა ყოფილიყო მორგებული − საჯარო სამსახურის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, კერძო სექტორის ანგარიშვალდებულების გაზრდა − და შესაბამისობაში მოსულიყო პარტნიორობის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია. ღონისძიების მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი წინადადებები წარედგინათ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების შესახებ. მრგვალი მაგიდის ორგანიზებაში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მხარს უჭერს „USAID"-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. „ღია მმართველობის პროგრამა” ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ არის ინიცირებული. მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს ხელისუფლებების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში