თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს ადგილობრივი თვითმმართველობის განსხვავებულ საარჩევნო სისტემას სთავაზობენ. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა უკვე გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge