სამცხე–ჯავახეთი. „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს" – ამ მოწოდებით ახალციხეში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს. უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას ორგანიზება სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტმა" გაუწია. აქცია 24 იანვარს, 12:00 საათზე ახალციხის ცენტრში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
,,ქართველი და უკრაინელი ხალხი ევროპულ ოჯახში", „მე მიყვარს უკრაინელი ხალხი", „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს" - აქცია ამ ტრანსფარანტების ფონზე მიმდინარეობდა.
,,ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ისტორიულ მოვლენას, იმიტომ, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა დასაფასებელია. ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ დიდ ევროპულ ოჯახში, ჩვენ ავირჩიეთ ევროპული გზა და ამ გზას უნდა გავყვეთ ბოლომდე", - განაცხადა აქციაზე სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტის" ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.