გურია. 12–13 მაისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის, ცნობილმა ფოტოხელოვანმა ირინა აბჟანდაძემ ფოტოგრაფიის მასტერკლასი გამართა. მასტერკლასის პირველი დღე ფოტოგრაფიის, როგორც ვიზუალური ხელოვნების შესახებ ლექციას დაეთმო.
ყურადღება გამახვილდა ფოტოგადაღების თავისებურებებზე. დეტალურად განიხილეს რეპორტაჟული და რაკურსით გადაღებული ფოტოს თავისებურებებიც, ფოტოს კითხვად ააღქმა, ფოტოგრაფიასა და სახვით ხელოვნებაში კადრის კომპოზიცია. ასევე, მოზარდები გაეცნენ ცნობილი ფოტოხელოვნების ნიმუშებს და ქორეოგრაფიულ პროექტებს.
მეორე დღე პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო — მოზარდებმა გადაიღეს სიუჟეტური ფოტოები და პორტრეტები. მასტერკლასის დასასრულს გაიმართა გადაღებული მასალების გარჩევა.
მასტერკლასზე მიღებული ინფორმაციებისა და ცოდნის საფუძველზე ლიდერთა სკოლაში მზადდება ფოტოგამოფენა, რომელიც ბავშვთა უფლებებს მიეძღვნება.