თბილისი. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის" ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით მიღებას. ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში.
„18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები.
ვფიქრობთ, რომ ასეთი დაჩქარებული წესით, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცება არ მოდის შესაბამისობაში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპთან", ნათქვამია განცხადებაში
წყარო: media.ge