გურია. 10-12 სექტემბერს ოზურგეთის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე ფუნქციონირებს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ესტუმრნენ. გაცვლითი პროგრამა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში ტარდება. პროექტი დაფინანსებულია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, განმახორციელებელი ორგანიზაციაა – საქართველოს გაეროს ასოციაცია.
გაცვლითი პროგრამის მიზანია ახალგაზრდული ცენტრების დამეგობრება, სამომავლო ერთობლივი პროექტების შემუშავება, რეგიონის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა.
სამდღიანი პროგრამა შეხვედრებისა და დისკუსიების გარდა, ოზურგეთის ღირსშესანიშნავი ძეგლების დათვალიერებასა და მოხალისოებრივ საქმიანობებსაც ითვალისწინებდა. ახალგაზრდებმა მოინახულეს შემოქმედის, ლიხაურისა და აჭის ეკლესია-მონასტრები. ესტუმრნენ ანასეულში მდებარე ხანდაზმულთა სახლს, სადაც, ხანდაზმულებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
უახლოეს მომავალში იგეგმება ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრების გამგზავრება ქუთაისში.