თბილისი. 27 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია-აღმოფხვრის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მონაცემების მაქსიმალურად ზუსტი დადგენაა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფოტოსაძიებო სისტემის მეშვეობით მოხდება მონაცემთა ბაზაში არსებული მოქალაქის ბოლო ფოტოსურათის შედარება ამავე მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა პირების უახლეს ფოტოსურათებთან, გაორების არსებობის შემთხვევაში, სისტემა გამოავლენს მსგავს ფოტოსურათებს სხვადასხვა საიდენტიფიკაციო მონაცემით, რომელთაც საპროექტო გუნდი ინდივიდუალურად შეისწავლის, თუ დადასტურდება, რომ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო მონაცემზე არსებული ფოტოსურათები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში, ანალოგიური ტიპის ჩანაწერები ბაზაში გასწორდება. ეს კი, თავის მხრივ, საარჩევნო სიაში ერთი ადამიანის ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემით დაფიქსირებას უზრუნველყოფს. საარჩევნო სიაში ერთ პიროვნებაზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემის დაფიქსირებასთან ერთად გამარტივდება საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლის ვინაობის შემოწმება-დადასტურება.
კონფერენციში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ცესკოს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.