სამცხე–ჯავახეთი. 11 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირ ,,ორქისის" წევრებმა გამართეს ახალი პროექტის პრეზენტაცია. პროექტი „დავასუფთავოთ საქართველო" მოიცავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში, მათი ჩართულობის ხელშეწყობას.
სტუმრებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, სამსახურის უფროსებთან და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან ერთად მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე და ამ პროცესებში საზოგადოების მონაწილეობაზე იმსჯელეს.
ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, მისი მართვა, საქართველოში არსებული მდგომარეობა, ასევე დაბინძურებულ გარემოსთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები – ამ საკითხებზე მსმენელებს პროექტის „დავასუფთავოთ საქართველოს" ექსპერტი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელი ხათუნა ჩიკვილაძე ესაუბრა.
პროექტს ,,დავასუფთავოთ საქართველო" ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა”, გარემოს დაცვის სამინისტრო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.