საერთაშორისო ორგანიზაცია „საპარლამენტთაშორისო კავშირმა" (Inter-Parliamentary Union) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გამოაქვეყნა 2014 წლის მსოფლიო რუკა, რომლიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით, ტენდენცია მზარდია. რაც შეეხება საქართველოს, იგი 190–მდე ქვეყანას შორის 109–ე ადგილზეა, მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში და 42–ე ადგილზე – მთავრობაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას თქმით, მთავარი დაბრკოლება, რაც ქალების პოლიტიკაშ მონაწილეობას უკავშირდება, საარჩევნო კანონმდებლობასთანაა დაკავშირებული. 2011 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10%–ით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებდა, თუ პარტიულ სიაში 20 პროცენტი ქალები ეყოლებოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კანონში ისევ არის დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, 30%–იან ფინანსურ დანამატს მიიღებენ ის პარტიები, რომელთაც 30% ქალები ეყოლებათ პარტიაში. თუმცა,"სამართლიანი არჩევნების" იურისტის, ნინო ჯანაშიას თქმით, მსგავსი დროებითი წამახალისებლები განსაკუთრებული მოქმედებით არ გამოირჩევიან (2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა პარლამენტში სულ 18 მანდატი მოიპოვეს), რადგანაც თავად საზოგადოება არ არის მოწოდებული, აირჩიოს პოლიტიკოსი ქალები.
წყარო: ginsc.net