თბილისი. კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ–მინისტრის განცხადებას გამოუხმაურნენ, რომელიც პრემიერმა საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესახებ გააკეთა.
„...უდიდესი უსამართლობაა, 9 წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და იმ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა, რაც არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის მიმართ. პრემიერის კომენტარი ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც RMG Gold-ს ეძლევა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს. ჩვენ, საქართველოს საზოგადოების სახელით, ვეწინააღმდეგებით ასეთ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირების შესრულებას და საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით. ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, გარემოს დაბინძურებას, და საფრთხეში ჩააგდებს გარშემო დასახლებული ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ სოციალურ კრიზისს", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციებმა ამ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართეს
წყარო: ფრონტლაინ ჯორჯიას ვებგვერდი სოციალურ ქსელში