თბილისი. კამპანიის - „ეს შენ გეხება" - მონაწილეებმა დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის 13 ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „გვსურს საზოგადოებას და დეპუტატებს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კამპანიის „ეს შენ გეხება” განახლება განპირობებულია დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების უარით წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი თვალთვალისა და მიყურადების სისტემის გამოყენების აღმოფხვრაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის შედეგად შსს-ში უამრავი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი იქნა აღმოჩენილი.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ კამპანიის დაწყება ნამდვილად არ იყო დაკავშირებული ერთ რომელიმე შემთხვევასთან (მათ შორის არც დედაქალაქის მერის პირად საუბართან). პრობლემა გაცილებით უფრო ფართოდ დგას და იგი მთლიანად საზოგადოებას ეხება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: esshengexeba.ge