თბილისი. 31 მარტს საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია – „ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა გადაეცეს".
მარტის დასაწყისში პარლამენტში დარეგისტრირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაცემას. „20 მარტს კანონპროექტში, პირველ მოსმენამდე, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებით არ იცვლება კანონპროექტის არსი, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემას გულისხმობს. აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სამსახურის გადაცემა კი მისი დამოუკიდებლობის გარანტია ვერ იქნება", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
წყარო: transparency.ge