თბილისი. IDFI-სთან პარტნიორობით ხორციელდება პროექტი "შენი უფლებაა იცოდე". პროექტის ფარგლებში 21 ოქტომბერს ჩატარდება ერთდღიანი სემინარი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. სემინარის მონაწილეებს დაურიგდებათ საჯარო ინფორმაციის საკითხებზე მომზადებული საკითხავი მასალა. სემინარის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და გააგზავნიან საჯარო ინფორმაციის საკუთარ მოთხოვნებს, გააანალიზებენ მიღებულ პასუხებს და მოამზადებენ მცირე ანალიტიკურ სტატიებს.
პროექტის მიზანია აამაღლოს სტუდენტების ცნობიერება ღია მმართველობის, საჯარო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ, ასევე განავითაროს მათი პრაქტიკული უნარები ინფორმაციის მიღების უფლების გამოსაყენებლად. „შენი უფლებაა იცოდე" წარმოადგენს Joint Civic Education-ის მიერ დაფინანსებულ მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც „ირის ჯგუფი მრავალფეროვნების მართვის", MitOst e.V.-ისა და CRISP-ის ერთობლივი პროგრამაა და ხორციელდება Theodor Heuss Kolleg-ის კოორდინაციით.
სემინარის ფარგლებში სამი გამორჩეული სტატიის ავტორს გადაეცემა წამახალისებელი პრიზები, ხოლო მათი ნაშრომები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ-გვერდზე/ბლოგზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.
წყარო: idfi.ge