თბილისი. თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა. "სამწუხაროა, რომ 40-მდე არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციის, ასევე სახალხო დამცველის პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად, არც პარლამენტმა და არც მთავრობამ კანონში არ ასახეს დაჯარიმების მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ეფექტიან აღმოფხვრაში. დასანანია, რომ საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების გარეშე შეცვალა და საგრძნობლად დაასუსტა იუსტიციის სამინისტროს მიერ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გზით მომზადებული პროგრესული კანონპროექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაუთვალისწინებელი ცვლილებები შევიდა კანონპროექტის ტექსტში პარლამენტის მიერ მისი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რომელმაც დისკრიმინაციის დეფინიციაში ლეგიტიმურ მიზნებად საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა მიუთითა. ...მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს მისი ცხოვრებაში დანერგვისა და პრაქტიკაში სათანადოდ იმპლემენტაციისათვის", ნათვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge